შსს-მ რუსთავი 2-ს წინააღმდეგ ქარტიას მიმართა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება ტელეკომპანია “რუსთავი 2-ს” სიუჟეტებთან დაკავშირებით. პირველი სადავო მასალა საინფორმაციო გამოშვება “კურიერში” 22 ივლისს გავიდა, სიუჟეტის ავტორი თამარ ბაღაშვილი იყო, წამყვანი კი – ნოდარ მელაძე. განმცხადების თანახმად, რომელსაც ხელს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი აწერს, “რუსთავი 2-მა” გაავრცელა დეზინფორმაცია სამინისტროს მიერ ჩატარებულ ტენდერთან დაკავშირებით. კერძოდ, სიუჟეტიდან ჩანდა, რომ სატენდერო პირობები მორგებული იყო ერთ კომპანიაზე, “იბერია ავტოცენტრზე”, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა კიდეც.

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ  “რუსთავი 2-ის” სიუჟეტთან დაკავშირებით 24 ივლისს საპასუხო განცხადება გაკეთდა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და აღნიშნულის თაობაზე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით უშუალოდ ეცნობა ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” წარმომადგენელს. “თუმცა, ამავე ტელეკომპანიის მეშვეობით განცხადება გაშუქდა ძირითადი კონტექსიტიდან ამოვარდილი ელემენტების გამოყენებით, ისე, რომ იძლევა ორმაგი იტერპრეტაციის საშუალებას, რამაც შესაძლოა კიდევ უფრო გაამძაფრა გავრცელებულიდამახინჯებული ინფორმაციის საფუძველზე საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა”, – ნათქვამია განცხადებაში.

აქედან გამომდინარე შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-3 (მიჩქმალვა) და მე-5 (შესწორება) პრინციპი.

Share Button