გენდერული საკითხების გაშუქება

ჩამოტვირთეთ დოკუმენტი

 გენდერული საკითხების გაშუქება

(სახელმძღვანელო წესები)

გენდერი სქესის სოციალური მახასიათებელია, რომელიც გამოხატავს საზოგადოების მიერ დადგენილ თუ გამომუშავებულ ფუნქციურ, ქცევით, მენტალურ თუ ემოციურ განსხვავებულობას ქალსა და კაცს შორის.

გენდერული სტერეოტიპები ფართოდ გავრცელებული და ხშირად არაზუსტი შეხედულებებია ქალისა და კაცის უნარებზე, თვისებებზე, სოციალურ ქცევასა და სოციალურ ფუნქციებზე. გენდერული როლებისა და სტერეოტიპების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაში დიდი როლს ასრულებს მედია, შესაბამისად მის შესუსტებაშიც მნიშვნელოვანი წვლილი სწორად გაშუქებას მიუძღვის.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე პრინციპი დისკრიმინაციას კრძალავს. ამ პრინციპის თანახმად, ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე, ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის სხვადასხვა ნიშნით, მათ შორის სქესის გამო დისკრიმინაციის  თავიდან ასაცილებლად.

ძირითადი პრინციპები:

  • მედიამ არათუ ხელი არ უნდა შეუწყოს გენდერული სტერეოტიპების გამყარებას, არამედ უნდა ებრძოლოს მას. ყურადღებით იყავით, რომ თქვენი მასალა არ აძლიერებდეს სოციუმში გავრცელებულ მოსაზრებას ქალის და კაცის როლის შესახებ.
  • სხვა პირთა მიერ სტერეოტიპული ენის გამოყენების შემთხვევაში პასუხისმგებლობა არ ეხსნება მედიას. ასეთ დროს ისევე უნდა მოიქცეთ, როგორც სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევაში. თუ პირდაპირი ეთერია, იქვე უნდა გაემიჯნოთ, ჩანაწერის დროს კი, შესამაბისად უნდა დაარედაქტიროთ თუ, რა თქმა უნდა, გაშუქების მიზანი არ არის ის, რომ აჩვენოთ როგორ შეუფერებელ ტერმინოლოგიას იყენებს ესა თუ ის საჯარო პირი.
  • მასალის მომზადებისას წყაროებს შორის ბალანსი შეძლებისდაგვარად დაცული უნდა იყოს.

თემები, რომელზეც ყურადღება უნდა გაამახვილოს მედიამ:

  • ქვეყანაში გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული სიტუაცია, სახელმწიფო პოლიტიკა, საკანონმდებლო ცვლილებები, ადვოკატირების კამპანიები
  • გენდერული დისკრიმინაცია
  • ქალთა მიმართ ძალადობა. კონკრეტულ შემთხვევებზე საუბრისას უმჯობესია ფოკუსი სისტემურ პრობლემებზე გააკეთოთ და აჩვენოთ, რას აკეთებს სახელმწიფო ამ მიმართულებით, რამდენად კარგად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას საჯარო მოხელეები
  • ხელისუფლების წარმომადგენელთა თუ სხვა საჯარო პირთა მხრიდან გენდერული სტერეოტიპების გამოვლენის, არასწორი ტერმინოლოგიის გამოყენების შემთხვევები
  • სამსახურში სექსუალური შევიწროვების შემთხვევები
  • დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში, ქალთა დაბალი ანაზღაურება, მათ სიმცირე ხელმძღვანელობის ზედა რგოლში.
  • არჩევნებისას ქალთა წარმომადგენლობა – ყურადღება გაამახვილეთ როგორია საარჩევნო სიასა თუ კანდიდატებს შორის გენდერული გადანაწილება.
  • სისტემური პრობლემების საჩვენებლად გამოიყენეთ სტატისტიკური მონაცემები, გაეცანით სახალხო დამცველის, რელევანტური საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ანგარიშებს.

არასტერეოტიპულად გაშუქებისთვის

  • მოერიდეთ ამბის მონაწილე პირთა სქესის აღნიშვნას, როდესაც ის რაიმე დამატებით ინფორმაციას არ აძლევს აუდიტორიას. ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ანტისოციალური ქცევის გაშუქებისას.

მაგალითად, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დამნაშავე მძღოლი ქალი  იყო თუ კაცი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მასალაში იმის მითითება, რომ მანქანას ქალი მართავდა, ამყარებს სტერეოტიპს თითქოს ქალი ცუდი მძღოლი იყოს მაშინ, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევების მონაწილე არაერთი კაცი მძღოლია.

  • არ გააშუქოთ ამბავი ისე, რომ გენდერული როლების შესახებ საზოგადოებაში არსებული არასწორი წარმოდგენები გაძლიერდეს, არ მიანიჭოთ „ქალურისა“ და „კაცურის“ იარლიყი რომელიმე პროფესიას თუ ქმედებას.

მაგალითად, არ წარმოაჩინოთ პოლიტიკოსი ქალები სამზარეულოში თუკი პოლიტიკოს კაცებსაც არ აჩვენებთ ამავე ამპლუაში. არ ჰკითხოთ რას ჩაიცმევენ პარლამენტში სესიის გახსნის დღეს მხოლოდ  ქალ კანონმდებლებს. კულინარიული შესაძლებლობები იქნება ეს თუ ჩაცმულობა, თანაბრად უნდა იყოს განხილული ქალებისა და კაცების შემთხვევაში

  • არ წარმოაჩინოთ წარმატებული ქალები ეგზოტიკურ პირებად, სუპერგმირებად.

მაგალითად, მოერიდეთ ქალებისთვის ასეთ კითხვებს:

-როგორ უთავსებთ კარიერას და პირად ცხოვრებას ერთმანეთს?

-შვილი განიცდის, თქვენ რომ სახლიდან სულ გასული ხართ?

– სამზარეულოში ტრიალი გეხერხებათ? რას ამბობს ქმარი, როდესაც საჭმელს არ ამზადებთ?

ამგვარი კითხვები  რეალურად აჩვენებს არა იმას, თუ როგორ მიაღწიონ ქალებმა წარმატებას, არამედ იმას თუ რამდენად ჯდება ესა თუ ის ქალი საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპულ ხატში.

გენდერული ბალანსი მასალაში

  • შეეცადეთ დაიცვათ ბალანსი რესპონდენტების შორის და ერთნაირად წარმოაჩინოთ ქალი და კაცი საკუთარ მასალაში, როცა ეს შესაძლებელია
  • მნიშვნელოვანია, ეს ბალანსი წარმოჩენილი იყოს საინფორმაციო, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებშიც, რათა არ გამყარდეს სტერეოტიპი, რომ ქალს მხოლოდ ეწ „მსუბუქ“ თემებზე შეუძლია საუბარი.
  • ქალები და კაცები წარმოაჩინეთ თანაბრად, როდესაც სხვდასხვა ჯგუფებზე საუბრობთ (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური თუ სხვა ტიპის უმცირესობები) ამით საზოგადოებას აჩვენებთ, რომ რომელიმე ჯგუფს მხოლოდ ერთი სქესის ადამინები არ წარმოადგენენ.
  • თუკი გიჭირთ შესაბამისი რესპონდენტების მოძიება, დაუკავშირდით ამ თემებზე მომუშავე ორგანიზაციებს. ისინი დაგეხმარებიან იპოვოთ რელევანტური წყაროები და თქვენი მასალა გენდერულად დაბალანსებული გამოვიდეს.

ქალთა მიმართ ძალადობა

  • ქალთა მიმართ ძალადობას სხვდასხვა ფორმა აქვს. მნიშვნელოვანია, რომ მედიამ ყურადღების მიღმა არ დატოვოს ასეთი შემთხვევები და სათანადო აქცენტის დასმით წარმოაჩინოს არსებული პრობლემები. ამასთან, ისე უნდა გააშუქოს ეს თემა, რომ არ მიაყენოს ზიანი მსხვერპლს, მის შვილებს, ახლობლებს.
  • ხშირად მსხვერპლთა მხოლოდ სახის დაფარვა საკმარისი არ არის მისი არაიდენტიფიცირებისთვის. ისტორიის მოყოლითაც კი შესაძლებელია ადვილად ამოსაცნობი გახდეს მოძალადისთვის. ამიტომაც კარგად გაანალიზეთ, დაცული იქნება თუ არა მსხვერპლის უსაფრთხოება მას შემდეგ, რაც მის ისტორიას მოყვებით. რესპონდენტის ინტერესებიდან გამომდინარე შესაძლებელია არათუ სახელის, გვარის და სახის დაფარვა, არამედ ისტორიის დეტალების შეცვლაც კი მოგიწიოთ.
  • ფრთხილად იყავით, რომ თქვენი გაშუქებით ხელი არ შეუწყოთ მსხვერპლის ისე წარმოჩენას, თითქოს ის აძლევდა საფუძველს და უბიძგებდა მოძალადეს დანაშაულის ჩადენისკენ. მაგალითად, მოერიდეთ დანაშაულის მიზეზად “ეჭვიანობის ნიადაგის” დასახელებას. ამით თქვენ უნებურად მიანიშნებთ იმაზე, რომ მსხვერპლი ქალი “არასწორად” იქცეოდა, პროვოცირება გაუკეთა მოძალადეს და მისცა საფუძველი დანაშაულის ჩადენისა. გარდა იმისა, რომ არ არსებობს რაიმე ტიპის ქცევა, რაც გაამართლებს მოძალადის ქმედებას, საკანონდებლო ბაზა დანაშაულის მოტივად არ სცნობს “ეჭვიანობის ნიადაგს”. არსებობს სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, დისკრიმინაცია, შურისძიება და აშ, რაც შესაძლებელია დანაშაულის საფუძველი იყოს, მაგრამ არა “ეჭვიანობს ნიადაგი“.
  • ფემიციდი ქალთა მიმართ ძალადობის უკიდურესი ფორმაა. ეს არის ქალების მკვლელობა მათი სქესის გამო. მოძალადეთა უმეტესობა ყოფილი ან ახლანდელი პარტნიორია.  ფემიციდის გაშუქებისას ისე, როგორც ძალადობის სხვა ფორმებზე ყურადღების გამახვილებისას, არ დაიწყოთ იმის გარკვევა, რა დააშავა ქალმა და რატომ მოკლეს ის. მნიშვნელოვანი არა მიზეზი, არამედ ფაქტი. არც ერთი მიზეზი არ არსებობს, რაც მკვლელობას გაამართლებს.
  • გააშუქეთ ფემიციდის გამოძიების და სასამართლო პროცესის საბოლოო შედეგები. აუცილებელია, საზოგადოებამ იცოდეს, როგორ ისჯება დამნაშავე და რამდენად ეფექტიანად მუშაობს ხელისუფლება ამ მიმართულებით.

კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესები იხილეთ ვრცლად აქ

პროსტიტუცია

  • პროსტიტუციის გაშუქებისას თქვენი მასალით არ განსაჯოთ ქალები, რომლებიც ამ გზით იღებენ შემოსავალს.
  • პროსტიტუციით დაკავებული ყველა ადამიანი ნარკოტიკებზე დამოკიდებული, ცუდი დედა ან ავადმყოფი არ არის, ამიტომაც შეეცადეთ, რომ ამგვარი სტერეოტიპები არ გაძლიერდეს თქვენი მასალით
  • მოიხსენიეთ ისინი იმ ტერმინით, რომელიც მათთვის ნაკლებად შეურაცხმყოფელია.

ტერმინები

ეცადეთ  ჟურნალისტურ მასალაში გამოიყენოთ გენდერულად ნეიტრალური ტერმინები “ქალი” და “კაცი”, რომელიც აღნიშნავს სქესს და დაცლილია ამა თუ იმ კონოტაციისგან.

 სიტყვები „ქალბატონი“, „ბატონი“ მხოლოდ მიმართვისას გამოიყენეთ. ასევე მოერიდეთ ისეთ სიტყვებს, რაც ქალს და კაცს სტერეოტიპულად წარმოაჩენს. არ გამოიყენოთ სიტყვები „ქალური“, „კაცური“.  ამის ნაცვლად უმჯობესია ჩამოთვალოთ ის თვისებები ან მახასიათებლები, რასაც ამ სიტყვების ქვეშ გულისხმობთ.  არ არის სწორი აღმატებული სიტყვების გამოყენებააც.

ნაცვლად ამისა უმჯობესია
სამართალდამცავებმა დააკავეს 32 წლის ქალბატონი სამართალდამცავებმა დააკავეს 32 წლის ქალი
გათხოვების შემდეგ ქვეყანა დატოვა დაქორწინების შემდეგ ქვეყანა დატოვა
ის სუსტი სქესის ერთადერთი წარმომადგენელია სამაშველო სამსახურში ის ერთადერთი ქალია სამაშველო სამსახურში
ძლიერი სქესისთვის დამახასიათებელია კაცისთვის დამახასიათებელია
მშვენიერი სქესი ამ პრობლემას სხვდასხვა გზით ებრძვის ქალები ამ პრობლემას სხვდასხვა გზით ებრძვიან
მანდილოსანთა უმეტესობა ასე იცვამს ქალთა უმეტესობა ასე იცვამს
ქალური ბედნიერება ყველასათვის სხვადასხვაა ბედნიერება ყველა ქალისთვის სხვადასხვა რამეს მოაქვს
ცნობილი წამყვანი გაბედნიერდა ცნობილი წამყვანი დაქორწინდა

 

Share Button