ქარტიის პრინციპების განმარტებები

პრინციპი 1.

  • ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

ამ მუხლის ძირითადი სიმძიმე მოდის სიტყვებზე: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს. 1

უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია. ზუსტ ინფორმაციად, შეთანხმების თანახმად, ჩაითვლება ორ წყაროსთან გადამოწმებული ინფორმაცია, რომელშიც იდენტიფიცირებულია ადამიანი, ადგილი, მოვლენა – ვისაც და რასაც ეხება ინფორმაცია.

არაიდენტიფიცირებული ინფორმაცია, რაგინდ მნიშვნელოვანი, უნდა გავიდეს სარედაქციო სვეტში და არა ახალ ამბებში. იგივე ეხება ამბავს, რომელსაც ჟურნალისტი შეესწრო, მაგრამ რომელიც არ დასტურდება დოკუმენტურად ფოტოთი, ვიდეოთი, ხმის ჩანაწერით და ა.შ.

პრინციპი 2. 

  • დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ.

ა) ამ მუხლში, პირველ რიგში, იგულისხმება, ჟურნალისტის იძულება, დაარღვიოს პროფესიული სტანდარტი – როგორც რედაქციის მხრიდან, ისე რედაქციის გარეთ არსებული ძალების მხრიდან.

ბ) ამ მუხლის მიხედვით, ჟურნალისტს უფლება აქვს, უარი თქვას იმ მასალის მომზადებაზე, რომელთან დაკავშირებითაც მას წინასწარ მიკერძოებული აზრი აქვს.

გ) ეს მუხლი კიდევ ერთ დილემას წამოჭრის – იძულების შემთხვევაში, თუკი ჟურნალისტი დაექვემდებარა წნეხს, დარღვევა დაუდასტურდება მხოლოდ ზეწოლის მომხდენ მხარეს, მაგალითად რედაქტორს, თუ დადგება ჟურნალისტის პასუხისმგებლობის საკითხიც.

პრინციპი 3. 

  • ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია.

2ა) “წყარო დადასტურებულია” ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ჟურნალისტმა იცის ვინ არის ამა თუ იმ ფაქტის წყარო – თუმცა, შეუძლია, მისი ვინაობა არ გაამხილოს. ამ მუხლის ქვემდებარე არ არის წყაროს სანდოობის საკითხი. აქ არ იგულისხმება ადამიანი, ვისაც აქვს შესაბამისი კომპეტენცია და ვისაც ხელი მიუწვდება კონკრეტულ ინფორმაციაზე.

ბ) “ფაქტის მიჩქმალვა” – ჟურნალისტი აშუქებს მოვლენას, მაგრამ მალავს ფაქტს, რომელიც ამ მოვლენის მნიშვნელოვანი ნაწილია. რომელიმე დოკუმენტის თარგმანის გაყალბება – დოკუმენტის გაყალბებაა. ფოტოს გაყალბება – ფაქტის მიჩქმალვაა.

პრინციპი 4.  

  • ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს.

“კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდი” ეწოდება ფარულ გადაღებას, იდენტობის შეცვლას ინფორმაციის მოსაპოვებლად ან სხვა მეთოდებს, როდესაც ინფორმაციის მოპოვების ყველა სხვა გზა ამოწურულია და საზოგადოებრივი ინტერესი კი მაღალია. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი (რომლის გაზომვაც მყარი პარამეტრებით შეუძლებელია) ეთიკის კუთხით ამართლებს ინფორმაციის, ფოტოს ან დოკუმენტის მოპოვების არაკეთილსინდისიერ გზას, თუ სხვა გზა არ არსებობს.

მიღწეულია შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ ფარული ჩანაწერი უნდა გამოქვეყნდეს რესპონდენტის სახელითა და გვარით (არა ანონიმურად) და ჩაწერილი ადამიანის კომენტარითურთ, ანუ ფარული ჩაწერის შემთხვევაშიც კი, ჩანაწერის გამოქვეყნებამდე ჩაწერილ რეპონდენტს უნდა მიეცეს კომენტარის გაკეთების საშუალება.

პრინციპი 5. 

  • მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.

ამ მუხლით ჟურნალისტები და რედაქტორები პასუხისმგებლობას იღებენ, რომ პატიოსნად განაცხადონ არაზუსტი ინფორმაციის გამოქვეყნების შესახებ და შეასწორონ ის. მიუღებელია შესწორება იმგვარად, რომ თავიდან გაკეთდეს სიუჟეტი ან სტატია, სადაც არაზუსტ ინფორმაციას ჩაენაცვლება ზუსტი ინფორმაცია, მაგრამ არ იქნება გაცხადებული უკვე დაშვებული შეცდომის შესახებ.

პრინციპი 6. 

  •  ჟურნალისტის მორალური პასუხისმგებლობაა, არ გაამჟღავნოს კონფიდენციურად მოპოვებული ინფორმაციის წყარო.

ამ მუხლის განხილვისას აღმოჩნდა, რომ არიან ჟურნალისტები, რომლებიც მუდმივად აპელირებენ 3კონფიდენციურ წყაროებზე, რის გამოც მათ მიმართ ნდობა დაბალია. კონფიდენციური წყარო უნდა უკავშირდებოდეს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელ ინფორმაციას. თუმცა საზოგადოების მხრიდან ნდობა და უნდობლობა არ ცვლის ამ მუხლის შინაარსს: კონფიდენციურად მოპოვებული ინფორმაციის წყაროს გამჟღავნება დაუშვებელია.

პრინციპი 7. 

  • ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.

ამ მუხლის განხილვისას კონტექსტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პირდაპირ ეტერში მოწვეული სტუმრის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ განცხადებებს ჟურნალისტი პირდაპირ ეთერშივე უნდა გაემიჯნოს და დაუპირისპირდეს. თუ ჩანაწერია, მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ არატოლერანტული გამონათქვამები არ არის ჟურნალისტის პოზიცია. საჯარო პირს დისკრიმინაციული გამონათქვამი უნდა დაუტოვოს ჟურნალისტმა, კერძო პირს კი, შეიძლება, ამოუჭრას – თუ მიზანი არატოლერანტული გარემოს ჩვენება არ არის.

ზოგადად, ევროპული ტენდენცია იმგვარია, რომ ჟურნალისტი უნდა ებრძოდეს დისკრიმინაციულ გამონათქვამებს.

პრინციპი 8. 

  • ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება.

ეს ყველაზე სადავო და რთული მუხლია. “კეთილდღეობა” ასე განიმარტა: ყველა სფერო, რომელიც განსაზღვრავს ბავშვის ყოფის პარამეტრებს.

საზოგადოებრივი ინტერესი ბევრად უნდა აღემატებოდეს ბავშვის ინტერესს, რომ 16 წლამდე ბავშვის შესახებ ინფორმაცია გახდეს საჯარო. მიღწეულ იქნეა შეთანხმება იმის შესახებაც, რომ 18 წლამდე ასაკის ბავშვის იდენტიფიცირება ძალადობის ნებისმიერი ფორმის შემტხვევაში დაუშვებელია (იმის მიუხედავად, ბავშვი მოძალადეა, დაზარალებული თუ მოწმე).

პრინციპი 9. 

  • სარედაქციო მასალები მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მარკეტინგული, სარეკლამო და სპონსორის მიერ დაფინანსებული მასალებისაგან. 4

პრინციპი 10. 

  • ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.

ამ მუხლში წყალგამყოფი გადის არა კერძო და საჯარო პირზე (როგორც კანონში “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების” შესახებ), არამედ განსაკუთრებულ საზოგადოებრივ ინტერესზე. ამგვარი ინტერესის გარეშე არა მხოლოდ კერძო პირის, არამედ საჯარო პირის პირად ცხოვრებაში შეჭრაც არაეთიკურია.

ამ მუხლთან დაკავშირებით გაყოფილია ჟურნალისტისა და რედაქტორის პასუხისმგებლობა. ჟურნალისტის პასუხისმგებლობაა, რამდენად კეთილსინდისიერად მოიპოვებს მასალას ადამიანის პირადი ცხოვრების შესახებ; რედაქტორის პასუხისმგებლობაა რას დაბეჭდავს და რას არ დაბეჭდავს.

ტრაგედიის მომენტის გამოქვეყნება არაეთიკურია, მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესის შემთხვევაშიც კი.

პრინციპი 11. 

ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:

  • ფაქტის განზრახ დამახინჯება;
  • ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ;
  • პლაგიატი.

ამ მუხლთან დაკავშირებით შეთანხმებულია პლაგიატის განმარტება:

პლაგიატი სხივისი მასალის კოპირება ან იმიტირება (აუდიო, ვიდეო) და საკუთარ მასალად გასაღებაა. თემის პლაგიატი არ არსებობს.

ბროშურა გამოიცა ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში

“მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის მხარდაჭერა

სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში 2011 – 2012” 

Share Button