ბავშვთა საკითხების გაშუქების შესახებ რედაქციებში ტრენინგი მიმდინარეობს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ბავშვთა საკითხების გაშუქების შესახებ ტრენინგი სამეგრელოში ბაზირებული ონლაინ გამოცემა livepress.ge-დან დაიწყო. ქარტიის ტრენერი ზვიად ქორიძე 4 დღის განმავლობაში ადგილზე მუშაობდა რედაქციასთან და მათი საჭიროებიდან გამომდინარე ცდილობდა დახმარებას, რათა მათ უფრო მეტად შეძლონ სიღრმისეული მასალების მომზადება იმ თემებზე, რაც ბავშვებს ეხება.

Livepress.ge ერთერთი იყო მათგან ვინც ქარტიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და სურვილი გამოთქვა ამ ტრენინგში მონაწილეობის. მის გარდა კონკურსის წესით შეირჩა კიდევ სამი მედიასაშუალება – ტელეკომპანია პირველი, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია და ტელეკომპანია გურჯაანი. ქარტიის ტრენერები ზვიად ქორიძე და ნინო ჯაფიაშვილი უახლოეს პერიოდში მათაც ეწვევიან.

ამავე ფორმატში ტრენინგი უკვე გაიმართა პანკისის სათემო რადიოშიც.

უშუალოდ რედაქციებში ტრენინგის ჩატარება ქარტიამ და გაეროს ბავშვთა ფონდმა გასული წლიდან დაიწყო და ტრენერებმა 4 რედაქციაში იმუშავეს. ასეთი ფორმატი საშუალებას აძლევს რედაქციას დახმარება მიიღოს კონკრეტულად იმ მიმართულებით, რაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ იმისათვის რომ მაღალი ხარისხის მასალების მომზადება შეძლონ ბავშვებთან დაკავშირებით.

რედაქციებში მუშაობა ნაწილია იმ პროექტისა, რომლის ფარგლებში ასევე ტარდება მედიამონიტორინგი ბავშვთა საკითხების გაშუქებისას წარმოშობილი პრობლემების იდენტიფიცირებისთვის, გაიმართა შეხვედრები მოსწავლეებთანაც და ჩატარდა დისკუსია საბავშვო გადაცემების და არხების შესახებ.

 

Share Button