WISG-სა და “იმედის” ჟურნალისტს შორის მედიაცია შედგა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომის ოქმი 2017-1

ქ. თბილისი, 2017 წლის 31 მაისი

საბჭოს წევრები:  გიორგი მგელაძე, თაზო კუპრეიშვილი, მაია მეცხვარიშვილი, ნინო ჯაფიაშვილი, ჯაბა ანანიძე, თეა ზიბზიბაძე.

  1. ქარტიის საბჭოს განცხადებით [განცხადება N 132] მომართა ა[ა]იპ ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2017 წლის 20 მარტს, 20:39 საათზე, ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში გადაცემა „ქრონიკაში“ გასულ სიუჟეტში – „მორიგი თავდასხმა ტრანსგენდერზე“ დაირღვა ქარტიის მე-7 და მე-10 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტები: წამყვანი ნანა ლეჟავა და სიუჟეტის ავტორი ქეთი ფარცხალაძე.
  2. დარღვევის საფუძვლად განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სიუჟეტში სიტყვა „ტრანსგენდერი“ გამოყენებული იყო როგორც არსებითი სახელი, ქარტიის საბჭოს რეკომენდაციის მიხედვით კი  სიტყვა „ტრანსგენდერი“  არის  ზედსართავი სახელი და მას გამოყენების შემდეგ აუცილებლად უნდა მოსდევდეს პირის მიერ არჩეული სქესის აღმნიშვნელი სიტყვა, მაგალითად „ტრანსგენდერი ქალი“ ან „ტრანსგენდერი კაცი“.
  3. განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ „მთლიანობაში სიუჟეტი წარმოადგენს ძალიან კარგ ჟურნალისტურ პროდუქტს, რომელიც ჩვენი აზრით, ხელს უწყობს ლგბტ ადამიანების მიმართ ჩადენილ ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ დანაშაულებზე სახელმწიფოს რეაგირების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას“.
  4. შეპასუხებაში ჟურნალისტმა ქეთი ფარცხალაძემ მიუთითა, რომ მისთვის უცნობი იყო საბჭოს რეკომენდაციის შესახებ თუ როგორ უნდა გაშუქდეს ტრანსგენდერ პირებთან დაკავშირებულ თემები. მანვე აღნიშნა, რომ მომავალში აუცილებლად გაითვალისწინებდა საბჭოს რეკომენდაციბს.
  5. წინამდებარე ოქმის მე-3 და მე-4 მუხლებში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ მხარეებს შორის შესაძლებელი იყო მედიაცია და შესთავაზა აღნიშნული მექანიზმი განმცხადებელს.
  6. განმცხადებელი დაეთანხმა მედიაციის მექანიზმს და აღნიშნა, რომ მათ მიზანია, ჟურნალისტებს შორის ამაღლდეს რეკომენდაციების შესახებ ცნობადობა და იმის გათვალისწინებით, რომ ზოგადად სიუჟეტი ტრანსგენდერი თემის მიმართ პოზიტიური ხასიათისაა, არსებითი მიზანი არ არის ქარტიის რომელიმე პრინციპის დარღვევის დადგენა.
  7. ა[ა]იპ ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის განცხადების განხილვა შეწყდა მხარეთა შორის მედიაციის საფუძველზე.
  8. საბჭო ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ტრანსგენდერ პირებზე გახშირებული თავდასხმების პარალელურად იმატა ამ ფაქტებზე და ზოგადად ტრანსგენდერ თემთან დაკავშირებულ საკითხებზე მომზადებულმა ჟურნალისტურმა პროდუქტებმა, მათ შორის რამდენიმე ასეთი სიუჟეტი ქარტიის საბჭოს განხილვის საგანი გახდა. მათი ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ როცა საუბარი ეხება ტრანსგანდერი პირების სამუშაოს, აქცენტირებულია, რომ მათი ძირითადი ნაწილი საარსებო შემოსავალს იღებს სექსუალური მომსახურების განხორციელებით, რაც ხელს უწყობს ამ პირების კიდევ უფრო მეტ სტიგმატიზირებას და დისკრიმინაციას, საზოგადოებაში არსებული მაღალი ჰომოფობიური ფონის და იმის გათვალისწინებით, რომ ეთიკური ჟურნალისტიკის პოზიტიური ვალდებულებაა ებრძოლოს დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის გამოვლინებას, მიზანშეწონილია, რომ აქცენტი გაკეთდეს ასევე იმ ტრანსგენდერ პირებზე, რომლებიც უფრო მეტად არიან ინტეგრირებული საზოგადოებაში და არ შეიქმნას სურათი, რომ თითქოს ტრანსგენდერ პირად ყოფნა ავტომატურად ნიშნავს მის ჩართვას სექსუალური მომსახურების სფეროში.

 

Share Button