გადაწყვეტილება საქმეზე – PHR-ი ნინი ობგაიძის წინააღმდეგ

გადაწყვეტილება
30 ივნისი,  2017 წელი

საქმეზე N 145  –    პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის  ნინი ობგაიძეს  წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები:       ჯაბა ანანიძე, ნინო ჯაფიაშვილი, თეა ზიბზიბაძე, თაზო კუპრეიშვილი, მაია მეცხვარიშვილი.

განმცხადებელი:      პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

მოპასუხე:                       ნინი ობგაიძე

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა  ააიპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR),  რომელიც მიიჩნევდა,  რომ 2017 წლის 23 მაისს ინტერნეტ გადაცემა „ბავშვების დროს“ ანონსით და შემდგომ უკვე 24 მაისს გამოქვეყნებულ გადაცემაში გამოყენებული ვიდეო კადრებით დაირღვა ჟურნალისტური ეთიკის მე-8 და მე-10 პრინციპი. სადავო გადაცემის ავტორი ნინი ობგაიძეა. მასალა ვრცელდება სოციალური ქსელების FACEBOOK-ისა და YOUTUBE-ის  მეშვეობით. ანონსში მითითებული იყო, რომ გადაცემაში გამოყენებული ვიდეო კადრები მშობლის მოსაზრებით ასახავდა არასრულწლოვანის ბავშვის ონანიზმის ფაქტს.

საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებლის წარმომადგენელი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტმა საბჭოს კითხვებს დისტანციური საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით უპასუხა.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის მერვე პრინციპის თანახმად ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება. თავდაპირველად საჭიროა აღინიშნოს, რომ ბავშვის სახე კადრებში დაფარული იყო, ასევე  ზუსტად არ იყო  დადგენილი თუ რა ქცევასთან გვქონდა საქმე ვიდეო კადრებში, კერძოდ ეს იყო ნამდვილად ონანაზმი, თუ სხვა ქცევა რომელიც ვიზუალურად შეიძლებდა გავდეს ონანიზმს. მაგრამ, ვინაიდან მასალას თან ერთვოდა დედის მოსაზრება, რომ სავარაუდოდ მისი აზრით სახეზე იყო ონანიზმი, შთაბეჭდილება და საფუძვლიანი ეჭვი შეიქმნა, რომ ვიდეო კადრები მართლაც ასახავდა ონანიზმს. გარეშე პირებისთვის რთული იყო ბავშვის იდენტიფიცირება, მაგრამ ეს არ ათავისუფლებს ჟურნალისტს ეთიკური მოვალეობის შესრულებისაგან, რომ არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. აღნიშნული ვიდეო კადრების მიმართ არ არსებობდა არავითარი ობიექტური საზოგადოებრივი ინტერესი, მით უფრო რომ უცნობი იყო თუ რა ქცევას ასახავდა კადრები. ამიტომაც მისი გავრცელებით ჟურნალისტის მიერ ბავშვის ინტერესები დაცული არ ყოფილა.

იმისათვის მე-8 პრინციპი დარღვეულად ჩაითვალოს, აუცილებელი არ არის დადგინდეს რამდენად შესაძლებელი იყო ბავშვის იდენტიფიცირება და მომავალში გაიგებდა თუ არა, რომ მის შესახებ ასეთი კადრები გავრცელდა. მე-8 პრინციპი აწესებს უფრო მაღალ სტანდარტს და ჟურნალისტს სთხოვს ყველა შემთხვევაში იმოქმედოს ბავშვის ინტერესების დაცვით და დაიცვას ბალანსი არასრულწლოვნისა და საზოგადოების ობიექტური ინტერესს შორის. როდესაც ჟურნალისტი ავრცელებს ბავშვის სავარაუდო ონანიზმის ამსახველ ვიდეო მასალას, რომელსაც არ გააჩნია არავითარი ინფორმაციული ღირებულება, ეს მხოლოდ შეიძლება შეფასდეს როგორც მასალის სკანდალურობის ხარჯზე  გადაცემის ცნობადობის ამაღლების მცდელობა, რასთან მიმართებითაც ბავშვის ინტერესი ცალსახად უფრო მაღლა დგას. ამასთან საბჭო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მშობლის თანხმობა არ უხსნის ჟურნალისტს პასუხისმგებლობას და არ აძლევს საფუძველს უარი თქვას ეთიკური პრინციპების დაცვაზე. ბავშვთან დაკავშირებით ჟურნალისტს აქვს პოზიტიური ვალდებულება, რომ თავად შეაფასოს ჟურნალისტური პროდუქტის მიმართება არასრულწოვნის ინტერესებთან. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ვიდეო კადრების გავრცელებით დაირღვა ქარტიის მე-8 პრინციპი.

ქარტიის მე- 10 პრინციპის თანახმად  ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი

წინამდებარე საქმეში საბჭომ რელევანტურად ჩათვალა, რომ ემსჯელა მე-10 პრინციპის სავარაუდო დარღვევის ფაქტზეც. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საბჭოს მიზანშეწონილად მიაჩნია განიხილოს ვიდეო კადრების გავრცელება, როგორც ზოგადად პირის პირადი ცხოვრების ხელყოფა. განსახილველ შემთხვევაში სახეზეა რომ კადრების მიმართ არ არსებობს არავითარი ობიექტური საზოგადოებრივი ინტერესი, ის არ აღწერს საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან პრობლემას და დამატებით ინფორმაციას არ აწვდის მაყურებელს.  პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო კადრების გასაჯაროებას თან უნდა ახლდეს ლეგიტიმური მიზანი. აქვე აღსანიშნავია, რომ მიზანს ლეგიტიმურობას არ სძენს პირის ან პირის კანონიერი წარმომადგენელის თანხმობა ვიდეო კადრების გასაჯაროებაზე და მიზანი უნდა შეფასდეს ლოგიკური და გონივრული განსჯის შედეგად, იმ კრიტერიუმების [ობიექტური და განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი] გათვალისწინებით, რომელიც ზემოთ აღინიშნა.  განსახილველ შემთხვევაში საბჭოს აზრით ცალსახაა ასეთი მიზნის არარსებობა. შესაბამისად ვიდეო კადრების გავრცელება წარმოადგენს პირად ცხოვრებაში დაუშვებელ შეჭრას, რაც თავის მხრივ არღვევს ქარტიის მე-10 პრინციპს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ნინი ობგაიძემ დაარღვია ქარტიის მე-8 და მე-10 პრინციპი.

 

Share Button