ქარტიის წესდება

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის

ქარტიის წესდება

 

1. ზოგადი დებულებები 

1.1.საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია (შემდგომში – ქარტია) არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის შესრულების უზრუნველსაყოფად და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, წინამდებარე წესდების და სხვა შიდამარეგლამენტირებელი დოკუმენტების შესაბამისად.

1.2. ქარტიის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

1.3. ქარტია, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე, მის ფარგლებს გარეთ.

1.4. ქარტიის ადგილსამყოფელია საქართველო, ქ. თბილისი.

2. მიზნები

2.1.ქარტიის მიზნებია:

2.1.1.ჟურნალისტური ეთიკის ნორმების შექმნა და დამკვიდრება.

2.1.2.საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დაცვის უზრუნველყოფა.

2.1.3. ჟურნალისტთა თვითრეგულირების მექანიზმების შექმნა, დამკვიდრება და პროფესიული სტანდარტის გაუმჯობესება.

2.1.4. საზოგადოების ნდობის ამაღლება მედიის მიმართ.

3. საქმიანობის ფორმები

 3.1. საწესდებო მიზნების მისაღწევად ქარტია:

3.1.1. უზრუნველყოფს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დაცვის მექანიზმის მუშაობას.

3.1.2. ეწევა საგანმანათლებლო – შემეცნებით საქმიანობას ჟურნალისტთა პროფესიონალიზმის ამაღლებისათვის.

3.1.3. ეწევა კვლევით, საგამომცემლო და მთარგმნელობით საქმიანობას.

3.1.4. ლობირებს ჟურნალისტთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან.

3.1.5. ეწევა ჟურნალისტური ეთიკის ნორმების პოპულარიზაციას და ხელს უწყობს მათ მიმართ პატივისცემის დამკვიდრებას.

3.1.6. თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის, პროფესიულ გაერთიანებებთან.

3.1.7. შეუძლია შექმნას ქარტიის სტრუქტურული ერთეულები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

3.1.8. ეწევა დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც არ ცვლის მისი, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირის ხასიათს.

3.1.9. ეწევა სხვა საქმიანობას, რომელიც კანონით აკრძალული არ არის.

4. წევრობა

4.1. ქარტიის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელიც ეწევა ჟურნალისტურ საქმიანობას და იზიარებს ქარტიის მიზნებს.

4.2. ქარტიის წევრობის მსურველი დადგენილი ფორმით, წერილობითი განცხადებით მიმართავს ქარტიის საბჭოს. განცხადება უნდა შეიცავდეს ქარტიის 2 წევრის რეკომენდაციას ან ქარტიის წევრობის მსურველის ჟურნალისტური საქმიანობის დამადასტურებელ სხვა სარწმუნო დოკუმენტს.

4.3. პირის წევრად მიღების საკითხს საბჭო წყვეტს განცხადების შემოსვლიდან არაუგვიანეს 2 თვისა.

4.4. საბჭოს მიერ წევრად მიღების შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებული იქნას სხდომის გამართვის გარეშე ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების (ელექტრონული ფოსტა/სოციალური ქსელი) გამოყენებით, რომელიც იძლევა საბჭოს წევრის მიერ ნების გამოხატვის დადასტურების შესაძლებლობას.

4.5. პირი, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს ქარტიის საქმიანობას, თუმცა, ვერ აკმაყოფილებს ქარტიის წევრობის კრიტერიუმებს, ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება მიღებულ იქნას ქარტიის საპატიო წევრად. საპატიო წევრზე არ ვრცელდება ქარტიის წევრისათვის წინამდებარე წესდებით დადგენილი უფლება-მოვალეობანი.

4.6.ქარტიის დამფუძნებლები და შემდგომ გაწევრიანებული პირები თანაბარი სტატუსითა და უფლებამოსილებით სარგებლობენ.

4.7. ქარტიის წევრს უფლებამოსილება უწყდება საბჭოს გადაწყვეტილებით შემდეგ შემთხვევაში (ამასთან საბჭოს გადაწყვეტილება არა არის საჭირო თუ წევრობა წყდება 4.7.1 პუნქტით განსაზღვრული წესით და განცხადების მიღება ავტომატურად იწვევს წევრობის შეწყვეტას):

4.7.1.საკუთარი განცხადების საფუძველზე.

4.7.2. საბჭოსთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე საწევრო შენატანის ზედიზედ ერთი წლის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში.

4.7.3. სასამართლოს გადაწყვეტილებით წევრის მხარდაჭერის მიმღებად ცნობისას.

4.7.4. გარდაცვალებისას.

4.7.5. უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისას.

4.7.6. გარდაცვლილად გამოცხადებისას.

4.8.ქარტიის წევრს, რომელიც შეწყვეტს ჟურნალისტურ საქმიანობას, წევრობა შეუჩერდება ჟურნალისტური საქმიანობის განახლებამდე და კენჭისყრისას არ ჩაითვლება ქარტიის წევრთა სიაში.

4.9. ქარტიის იმ წევრებს, რომლებიც აგრძელებენ ჟურნალისტურ საქმიანობას და ამავდროულად დასაქმებული არიან ადმინისტრაციულ ორგანოებში ან/და რომელიმე პოლიტიკურ გაერთიანებაში, უფლება არა აქვთ არჩეულ იქნენ ქარტიის მმართველობით ორგანოებში.

5. წევრთა უფლება მოვალეობები

5.1.გარდა წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, ქარტიის წევრს უფლება აქვს:

5.1.1. მონაწილეობდეს ქარტიის საერთო კრების მუშაობაში ხმის უფლების გამოყენებით.

5.1.2. აირჩიოს ქარტიის საბჭოს/სარევიზიო კომისიის წევრები და არჩეულ იქნას ქარტიის საბჭოში/სარევიზიო კომისიაში.

5.1.3.კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობდეს ქარტიის აქტივობებში.

5.1.4. მიიღოს ინფორმაცია ქარტიის ხელმძღვანელი ორგანოებისა და პირებისაგან ქარტიის საქმიანობის შესახებ, გარდა საქმისწარმოების წესით გათვალისწინებული გამონაკლისებისა

5.1.5. ქარტიის მიზნების შესაბამისად, შესაძლებლობის ფარგლებში, ისარგებლოს ქარტიის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით.

5.1.6. ატაროს ქარტიის ემბლემა.

5.2. ქარტიის წევრი მოვალეა:

5.2.1. დაიცვას ქარტიის პრინციპები, წესდება, შინაგანაწესი და მმართველი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

5.2.2. გაუფრთხილდეს ქარტიის ღირსებას, ავტორიტეტსა და ქონებას.

5.2.3. შესაძლებლობებისა და ინტერესების შესაბამისად მონაწილეობდეს ქარტიის საქმიანობაში.

5.2.4. პროფესიული საქმიანობისას იხელმძღვანელოს ქარტიის მიზნებითა და პროფესიული ეთიკის ნორმებით.

5.2.5. გადაიხადოს საწევრო შესატანი დადგენილი წესითა და ოდენობით.

5.2.6. ჟურნალისტური საქმიანობისას მიუთითოს საკუთარი სახელი და გვარი, ფსევდონიმის გამოყენების შემთხვევაში, უზრუნველყოს მისი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის ქარტიისთვის ხელმისაწვდომობა.

6. წევრთა საერთო კრება

6.1. ქარტიის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა ქარტიის წევრთა საერთო კრება, რომელიც მოიწვევა საბჭოს მიერ და ტარდება ყოველი წლის დეკემბერში.

6.2. საერთო კრების დღის წესრიგში, წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელების საკითხის შეტანას წყვეტს საბჭო, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცვლილებებისა და დამატებების პროექტი წარდგენილ იქნა ქარტიის წევრთა არანაკლებ ერთი მეათედის მოთხოვნით, საერთო კრების ჩატარებამდე 1 თვით ადრე.

6.3. საერთო კრება უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება ქარტიის წევრთა 1/4 მაინც.

6.4. საერთო კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრე წევრთა უბრალო უმრავლესობით, თუ წესდებით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ყოველ წევრს აქვს ერთი ხმა. ხმის გადაცემა დაუშვებელია.

6.5. საერთო კრება:

6.5.1. წევრთა სრული ოდენობის ორი მესამედის უმრავლესობის თანხმობით იღებს ქარტიის წესდებას, ცვლილებები და დამატებები შეაქვს მასში.

6.5.2. ფარული კენჭისყრით ხმათა უმრავლესობით ირჩევს საბჭოს წევრებს. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში იმართება განმეორებითი კენჭისყრა.

6.5.3. ისმენს ქარტიის საქმიანობისა და ფინანსურ ანგარიშს.

6.5.4. ამტკიცებს საბჭოს მიერ წარმოდგენილი ქარტიის საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებს.

6.5.5. სამი წლის ვადით ირჩევს ქარტიის სარევიზიო კომისიის წევრებს.

6.5.6. წევრთა სრული ოდენობის ორი მესამედით იღებს გადაწყვეტილებას ქარტიის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ.

6.6. რიგგარეშე საერთო კრება მოიწვევა ქარტიის საბჭოს მიერ, შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფის შემთხვევაში:

6.6.1. საკუთარი ინიციატივით.

6.6.2. აღმასრულებელი დირექტორის ან ქარტიის წევრთა მეათედის მოთხოვნით, ასეთი მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს ორი თვისა.

6.6.3. სარევიზიო კომისიის მოთხოვნით.

6.7. ქარტიის წევრების მიერ გადაწყვეტილება შეიძლება მიღებული იქნას გამოკითხვის წესით, ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, რომელიც შესაძლებლობას იძლევა მოხდეს წევრის იდენტიფიცირება მის მიერ ქარტიისათვის გაცხადებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ქარტიის წევრის მიერ  გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ნება  გამოხატული უნდა იქნას შესაბამისი ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით. წინამდებარე პუნქტით განსაზღვრული გამოკითხვის წესით გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული იმ საკითხთან დაკავშირებით რომელზეც საჭიროა ფარული კენჭისყრა. გამოკითხვის შედეგებთან დაკავშირებით საბჭოს სამდივნოს მიერ დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.

6.8. ფარული კენჭისყრით საბჭოს არჩევის პროცედურულ უზრუნველყოფას ახორციელებს საარჩევნო კომისია, რომელიც აირჩევა ქარტიის წევრთაგან არანაკლებ 5 წევრის შემადგენლობით.

6.9. საარჩევნო კომისიას შეიძლება დახმარებას უწევდნენ სხვა პირები, რომლებიც არ არიან ქარტიის წევრები, მაგრამ მათი პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით აუცილებლად იქნება მიჩნეული მათი მონაწილეობა კომისიის საქმიანობაში.

7. ქარტიის საბჭო

7.1. ქარტიის ხელმძღვანელი ორგანოა 9 წევრისაგან შემდგარი ქარტიის საბჭო.

7.2. ქარტიის საბჭოს წევრები აირჩევიან კვოტირების სისტემით: 3 წევრი აირჩევა იმ ჟურნალისტებისაგან, რომელთა რეგისტრაციის ადგილია თბილისი, ხოლო 6 წევრი იმ ჟურნალისტებისაგან რომელთა რეგისტრაციის ადგილი არ არის თბილისი.

7.3. საბჭოს წევრებს სამი წლის ვადით ირჩევს საერთო კრება, დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით.

7.4. საბჭოს შემადგენლობა ყოველწლიურად განახლდება ერთი მესამედით. საბჭოს წევრად შეიძლება აირჩეს ის პირიც, რომელიც არ იმყოფება საერთო კრებაზე, თუ არსებობს მისი წინასწარი თანხმობა საბჭოს წევრად არჩევის თაობაზე.

7.5. საბჭოს სხდომები იმართება თვეში ერთხელ მაინც, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საბჭოში განსახილველად მომზადებული არ არის არც ერთი საქმე და გადასაწყვეტი არ არის საბჭოს წინაშე დასმული სხვა საკითხები.

7.6. რიგგარეშე სხდომა მოიწვევა ქარტიის საბჭოს თავმჯდომარის მიერ საკუთარი ინიციატივით ან საბჭოს წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნით. საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება წევრთა ორი მესამედი მაინც.

7.7. გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა საბჭოს მინიმუმ 5 წევრის თანხმობა.

7.8. საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენების საშუალებით (სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, online ვიდეო და აუდიო ზარები).

7.9. საბჭო:

7.9.1. იწვევს და ატარებს საერთო კრებას, კრების თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ მინიმუმ ორი კვირით ადრე მაინც აცნობებს ქარტიის წევრებს.

7.9.2. კონკურსის წესით ნიშნავს აღმასრულებელ დირექტორს და აფორმებს მასთან შრომით ხელშეკრულებას.

7.9.3. წყვეტს პირის ქარტიის წევრად მიღების საკითხებს.

7.9.4. საქმის წარმოების წესის შესაბამისად განიხილავს ქარტიით გათვალისწინებული ეთიკური ნორმების დარღვევებთან დაკავშირებულ განცხადებებს.

7.9.5. სარეკომენდაციო წერილით მიმართავს ქარტიის იმ წევრს, რომლის საქმიანობაც ეწინააღმდეგება ქარტიის მიზნებს, ან რომელიც უხეშად არღვევს წესდებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

7.9.6. ადგენს წევრებთან ურთიერთობის წესს.

7.9.7. შეიმუშავებს და საერთო კრებას დასამტკიცებლად წარუდგენს ქარტიის საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებს.

7.9.8. ამტკიცებს ქარტიის მიერ გაწეული საქმიანობისა და ფინანსურ ანგარიშს საერთო კრებისათვის წარსადგენად.

7.9.9. ამტკიცებს ქარტიის სტრატეგიული განვითარების გეგმასა და საბიუჯეტო პარამეტრებს.

7.9.10. წყვეტს ქარტიის სხვადასხვა ორგანიზაციებში/გაერთიანებებში წევრობისა და იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობის საკითხს.

7.9.11. ამტკიცებს აღმასრულებელი დირექტორის ყოველკვარტალურ ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ.

7.9.12. აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს ქარტიის ორგანიზაციულ სტრუქტურას.

7.9.13. აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებებს ქარტიის რეგიონული ერთეულების შექმნისა და გაუქმების შესახებ, ამტკიცებს მათ დებულებებს და ხელმძღვანელებს.

7.9.14. წყვეტს ყველა სხვა საკითხს, რომლიც ამ წესდებით პირდაპირ არ განეკუთვნება საერთო კრების კომპეტენციას.

7.10. საბჭოს წევრს ვადამდე უფლებამოსილება შეუწყდება:

7.10.1. ქარტიის წევრობის შეწყვეტისას.

7.10.2.  ქარტიის წევრობის შეჩერებისას.

7.10.3. საკუთარი განცხადების საფუძველზე.

7.11. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში საბჭოს წევრი ხდება ის პირი, რომელმაც დააგროვა ხმათა მეტი, მაგრამ საბჭოს წევრად არჩევისათვის არასაკმარისი რაოდენობა უკანასკნელ საერთო კრებაზე. თანაბარი ხმების მქონე პირთაგან საბჭოს წევრი შეირჩევა საბჭოს მიერ ჩატარებული წილისყრით. ახლად არჩეული საბჭოს წევრი უფლებამოსილებას ახორციელებს გამოკლებული საბჭოს წევრის უფლებამოსილების დარჩენილი პერიოდის განმავლობაში.

7.12. საბჭო ქარტიის პრინციპების დარღვევის შესახებ განცხადების განხილვისას ხელმძღვანელობს საბჭოს საქმისწარმოების წესით, რომელიც დამტკიცებულია საერთო კრების მიერ და არის წინამდებარე წესდების  განუყოფელ ნაწილს (დანართი 1).

7.13. ქარტიის საბჭოს წევრთა და თავმჯდომარის ჰონორარის ოდენობას განსაზღვრავს ქარტიის საბჭო.

8. თავმჯდომარე

8.1. ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე 1 წლის ვადით აირჩევა საბჭოს წევრთაგან საბჭოს პირველივე სხდომაზე, რომელსაც უძღვება ასაკით უხუცესი წევრი, არჩევნები ტარდება ღია კენჭისყრით. თავმჯდომარე არჩეულად ჩაითვლება, თუ კანდიდატი მიიღებს ხმათა უმრავლესობას, მაგრამ არანაკლებ 5 ხმისა. თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საბჭოს ყველა წევრს.

8.2. ქარტიის თავმჯდომარის უფლებამოსილება იწყება არჩევისთანავე. ერთი და იგივე პირი საბჭოს თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ 2 ჯერ.

8.3. თავმჯდომარე:

8.3.1. ხელმძღვანელობს საბჭოს საქმიანობას და უძღვება მის სხდომებს.

8.3.2. წარმოადგენს ქარტიას მესამე პირებთან ურთიერთობაში.

8.3.3. საბჭოს წინაშე აყენებს საკითხს ქარტიის კონკრეტული მიზნით შექმნილ კოალიციებში გაერთიანების შესახებ.

8.3.4. უძღვება ქარტიის წევრებთან და წევრობის მსურველებთან მუშაობას საბჭოს მიერ დადგენილი წესით.

8.3.5. აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნამდე ასრულებს მის ფუნქციებს.

9. აღმასრულებელი დირექტორი

 9.1აღმასრულებელ დირექტორს ერთი წლის ვადით კონკურსის წესით ნიშნავს საბჭო. აღმასრულებელ დირექტორს საბჭოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილების ვადა შეიძლება გაუგრძელდეს ერთი წლის ვადით.

9.2. აღმასრულებელი დირექტორი შეიძლება იყოს ქმედუნარიანი ფიზიკური პირი 25 წლის ასაკიდან, რომელსაც გააჩნია უმაღლესი განათლება, კარგი საქმიანი რეპუტაცია, მმართველობითი გამოცდილება და აკმაყოფილებს მის მიმართ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომელსაც განსაზღვრავს საბჭო.

9.3. აღმასრულებელი დირექტორი წარმოადგენს ქარტიას მესამე პირებთან ურთიერთობაში შეუზღუდავად.

9.4. იმ საკითხთა ნუსხა, რომლის გადაწყვეტის უფლება საბჭოს თანხმობის გარეშე არ გააჩნია აღმასრულებელ დირექტორს, განისაზღვრება საბჭოს მიერ.

9.5. აღმასრულებელი დირექტორი ვალდებულია, საბჭოს ყოველ კვარტალურად წარუდგინოს ანგარიში.

9.6. აღმასრულებელ დირექტორს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება:

9.6.1. პირადი განცხადებით.

9.6.2. საბჭოს გადაწყვეტილებით.

9.6.3. უფლებამოსილების 2 თვის მანძილზე განუხორციელებლობის შემთხვევაში.

9.7. აღმასრულებელი დირექტორი ქარტიის საქმეებს უნდა უძღვებოდეს კეთილსინდისიერად. ის ქარტიისათვის მიყენებული ზიანისათვის პასუხს აგებს პირადად.

9.8. აღმასრულებელი დირექტორი:

9.8.1.მოქმედებს ქარტიის სახელით და წარმოადგენს ქარტიას მესამე პირებთან ურთიერთობაში, გარდა თავმჯდომარის და საბჭოს უფლებამოსილებას განკუთვნილი საკითხებისა.

9.8.2. განკარგავს ქარტიის ფულად სახსრებსა და მატერიალურ რესურსებს და პასუხისმგებელია მათ სწორ გამოყენებაზე, ხელს აწერს შესაბამის ოფიციალურ და საფინანსო და სხვა ოფიციალურ დოკუმენტაციას.

9.8.3. ამტკიცებს განსახორციელებელ პროექტებს.

9.8.4. ქარტიის სახელით დებს ხელშეკრულებებს პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე.

9.8.5. ნიშნავს და ათავისუფლებს ქარტიის თანამშრომლებს.

9.8.6. ზედამხედველობს ქარტიის ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალური ქონების მართვას.

9.8.7. ხელს აწერს ქარტიის ოფიციალურ დოკუმენტებს.

9.9. აღმასრულებელი დირექტორის საქმიანობის წესი განისაზღვრება საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით.

9.10. აღმასრულებელ დირექტორთან იდება შრომითი ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერს ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე.

10. სარევიზიო კომისია

 10.1ქარტიის თავმჯდომარის, საბჭოს, აღმასრულებელი დირექტორისა და მათ მიერ დანიშნული (დამტკიცებული) თანამდებობის პირების მიერ ქარტიის წესდების შესრულებისა და ფინანსური სახსრების თუ სხვა ქონების საწესდებო მიზნების შესაბამისად გამოყენებაზე კონტროლს ახორციელებს ქარტიის სარევიზიო კომისია, რომელსაც სამი წლის ვადით, სამი წევრის შემადგენლობით ირჩევს საერთო კრება. სარევიზიო კომისია არჩევიდან ერთი თვის განმავლობაში საკუთარ წევრთაგან ირჩევს თავმჯდომარეს. სარევიზიო კომისია მუშაობს მის მიერ შემუშავებული რეგლამენტით.

10.2. სარევიზიო კომისიაში შემავალი პირი იმავდროულად არ შეიძლება იყოს ქარტიის საბჭოს წევრი ან მუდმივი ანაზღაურების მქონე თანამშრომელი.

10.3. სარევიზიო კომისია წელიწადში ერთხელ მაინც აწყობს საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტების რევიზიას და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციას.

10.4. რევიზიის შედეგები მოხსენდება საბჭოსა და მორიგ საერთო კრებას.

10.5. სარევიზიო კომისია გადაწყვეტილებებს იღებს ხმათა უმრავლესობით.

10.6. სერიოზული დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში სარევიზიო კომისია იწვევს საბჭოს რიგგარეშე სხდომას ან რიგგარეშე საერთო კრებას და გაუძღვება მას.

10.7. სარევიზიო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში კომისიის წევრი ხდება ის პირი, რომელმაც დააგროვა ხმათა მეტი, მაგრამ სარევიზიო კომისიის წევრად არჩევისათვის არასაკმარისი რაოდენობა უკანასკნელ საერთო კრებაზე. თანაბარი ხმების მქონე პირთაგან სარევიზიო კომისიის წევრი შეირჩევა კომისიის მიერ ჩატარებული წილისყრით.

10.8. ახლად არჩეული სარევიზიო კომისიის წევრი უფლებამოსილებას ახორციელებს გამოკლებული კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი პერიოდის განმავლობაში.

11. მრჩეველთა საბჭო

 11.2ქარტიის საკონსულტაციო ორგანოა საბჭოს მიერ შვიდი წევრისაგან შექმნილი ქარტიის მრჩეველთა საბჭო. მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ქარტიის საბჭო. მრჩეველთა საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარეს.

11.3. მრჩეველთა საბჭოს სხდომები მოიწვევა დებულებით განსაზღვრულ ვადებში და წესით მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის ან ქარტიის საბჭოს ინიციატივით.

12. ქარტიის ქონება

12.1ქარტიის ქონება იქმნება საწევრო შენატანების, წევრთა და სხვა პირთა შემოწირულობების, გრანტების, დამხმარე სამეწარმეო საქმიანობითა და სხვა კანონიერი გზით მიღებული შემოსავლებისაგან.

12.2. ქარტიის ქონება შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ მისი საწესდებო მიზნების განხორციელებას.

12.3. მიღებული დაფინანსების წყაროს მიუხედავად, ქარტია თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია.

 13.ქარტიის საქმიანობის შეწყვეტა

13.1. ქარტიის საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხდება შემდეგ შემთხვევებში:

13.1.1. ქარტიის საერთო კრების გადაწყვეტილებით.

13.1.2. კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებში.

13.2. ქარტიის ლიკვიდაციას ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი

13.3. ლიკვიდაციის დამთავრების შემდეგ დარჩენილი ქონება გადაეცემა იმავე ან მსგავსი მიზნების სხვა არასამეწარმეო იურიდიულ პირს ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

ჩამოტვირთეთ დოკუმენტი

Share Button